Monday, June 10, 2024

ეკო კლუბის საქმიანობის როლი ფორმალურ განათლებაში

ეკო კლუბის საქმიანობის როლი ფორმალურ განათლებაში

„ჯერ იქ არ ვართ, მაგრამ დასასრული ჩანს“, – აღნიშნა გებრეისუსმა!

პანდემია მძიმე გამოცდა იყო საგანმანათლებლო სივრცეში. პანდემიის დასრულების შემდეგ მოსწავლეების სკოლაში დაბრუნება ზღვა ემოციებთან იყო დაკავშირებული. იყო მონატრება, სიხარული და დადებითი ემოციები, თუმცა დრო გვიჩვენებდა, რომ მოსწავლეების მოტივაცია და დამოკიდებულება საგაკვეთილო პროცესის მიმართ ისეთი არ იყო, როგორც პანდემიამდე. პანდემიის შემდეგ მოსწავლეებს გაუჭირდათ საგაკვეთილო პროცესში ჩართულობა; მათი დაინტერესება და მოტივაცია არ იყო საკმარისი სასურველი შედეგების მიღწევისთვის, თუნდაც მათთვის საინტერესო რესურსების შეთავაზებით.

ამ საჭიროებიდან გამომდინარე, მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდისთვის საუკეთესო გამოსავალი იყო არაფორმალური განათლების მიმართულებით მრავალფეროვანი აქტივობების დაგეგმვა და მოქნილი სასწავლო გარემოს შექმნა. არაფორმალური განათლება არის ფორმალური განათლების გაგრძელება, რომელიც ავითარებს მოზარდებში კრიტიკულ აზროვნებას და ორიენტირებულია პრაქტიკულ ცოდნაზე.

არაფორმალური განათლება ხშირად მოიხსენიება სხვადასხვა ტერმინით, როგორიცაა თემთან დაკავშირებული განათლება, უწყვეტი განათლება და განათლების მეორე შანსი. მიუხედავად იმისა, რომ არაფორმალური განათლება ხშირად განიხილება ფორმალური განათლების მეორე საუკეთესო ვარიანტად, მას შეუძლია უზრუნველყოს მოსწავლეებში მოტივაციის გაზრდა, სასკოლო ცხოვრებაში ჩართვა, გარემოსდაცვითი ღონისძიებების დაგეგმვა, საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობა და სხვა.

არაფორმალური განათლების გზით მოსწავლეების ჩართულობა ეკო კლუბის ჩამოყალიბებით დავიწყე, რომლის საქმიანობა ძალზე მნიშვნელოვანია მდგრადი განვითარების განათლების განხორციელებისთვის. „როგორც მოზარდებს, ჩვენც გვაქვს პასუხისმგებლობა, ვაჩვენოთ ეკოლოგიურად სუფთა პრაქტიკა მომავალ თაობას“. საკლუბო მუშაობა მოსწავლეებს უვითარებს მიღებული ცოდნის ადაპტირებას ყოველდღიურ ცხოვრებაში, თავდაჯერებულობას, კვლევის, სინთეზისა და ანალიზის უნარს.

ეკო კლუბში განხორციელებული საქმიანობები მოსწავლეებს მისცემს საშუალებას საკუთარი მოსაზრება დააფიქსირონ და მონაწილეობა მიიღონ მნიშვნელოვან გარემოსდაცვით აქტივობებში და საერთაშორისო პროექტებში. მოსწავლეებს შეუძლიათ ჩართონ თავიანთი მშობლები, ნათესავები, თემი და თანატოლები გარემოსდაცვითი აქტივობების პოპულარიზაციაში.

თავდაპირველი შეხვედრების მიზანი იყო კლუბის წევრების დაინტერესება და გამოწვევა. ცნობიერების ამაღლების მიზნით ჩავატარე სემინარები, დებატები და ლექციები მდგრადი განვითარების მიზნების მიმართულებით. მოსწავლეების სურვილისამებრ ვმასპინძლობდით სტუმრებს, რომლებიც მდგრადი განვითარების 17-ვე მიზნის მნიშვნელობაზე ამახვილებდნენ ყურადღებას. პირველმა სტუმარმა, გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორმა, მაია ბლიაძემ, ისაუბრა მდგრადი განვითარების მიზნების მნიშვნელობაზე და მოსწავლეებს მოტივაცია აუმაღლა გარემოსდაცვითი საკითხების მიმართ.

სტუმრებს შორის იყვნენ: ექიმები, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის წარმომადგენლები, სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტები, საჯარო მოხელეები და მწერლები. მათი სემინარები, ვორქშოფები და საინფორმაციო შეხვედრები ზრდიდა მოსწავლეთა ინტერესებს და ხელს უწყობდა დამოუკიდებლად სწავლის უნარ-ჩვევების განვითარებას.

მოსწავლეებთან თანამშრომლობით ვახორციელებდი გარემოსდაცვით აქტივობებს. სახელმწიფო სამსახურების ხელშეწყობითა და თანატოლების დახმარებით, კლუბის წევრებმა სკოლის ბაღში დარგეს ხეები, ჩაატარეს გამწვანებითი აქტივობები, დაასუფთავეს სკოლისა და მიმდებარე ტერიტორიები. მათი ჩართულობით მოხდა თბილისის სხვადასხვა სკოლის გამოწვევა და ამ სკოლებში მწვანე სივრცეების მოწყობა. აღნიშნულმა აქტივობებმა მნიშვნელოვნად გაზარდა მოსწავლეთა თანამშრომლობითი უნარები.

განხორციელდა ვიზიტები სახელმწიფო სამსახურებში და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში. მოვინახულეთ ეკოლოგიურად მნიშვნელოვანი ადგილები: ჭალები, პარკები და საველე ტერიტორიები, სადაც მხარდაჭერისა და სემინარების გარდა გარემოსდაცვითი აქტივობები განხორციელდა. მოსწავლეები მეტი ხალისით ერთვებოდნენ „კეთებით სწავლების“ პროცესში, გამოუმუშავდათ სხვისი აზრის პატივისცემის, კვლევის და დაკვირვების უნარები და ბუნების მცველებად იქცნენ.

კლუბის წევრებმა, თანატოლების დახმარებით, გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიზნით, მოაწყვეს აქციები და მსვლელობები საზოგადოებრივ ადგილებში. მოსწავლეების დამოკიდებულებები იცვლებოდა, ისინი მუდმივად სიახლის ძიებაში იყვნენ, რადგან გარემოსდაცვითი სიახლეების მიწოდება საზოგადოებისთვის მათი ყოველდღიურობა გახდა. ამ აქტივობებმა მოსწავლეებს ჩამოუყალიბა თავდაჯერებულობა, მოქალაქეობრივი აზროვნება და პასუხისმგებლობა.

მდგრადი განვითარების მიზნებიდან გამომდინარე, როგორიცაა „სიღარიბის ყველა ფორმის აღმოფხვრა“, „შიმშილის აღმოფხვრა“, „მდგრადი მოხმარება და წარმოება“, მშობელთა ჩართულობით კლუბის წევრებმა ეკომეგობრული ჩანთების წარმოება დაიწყეს და მათი რეალიზებით დაეხმარენ სოციალურად დაუცველ ოჯახებს. აღნიშნულ აქტივობებში მოსწავლეები განსაკუთრებით აქტიურად ჩაერთნენ, რადგან თავად იყვნენ პროექტის ინიციატორები და შესაბამისად მეტი პასუხისმგებლობა გრძნობდნენ.

კლუბის წევრების მიერ წინ გადადგმული ნაბიჯი იყო სკოლის ეკომიმართულებით განვითარება. ჩვენ ორიენტირებული ვართ ნარჩენების რაციონალურ გამოყენებაზე. ეკო კლუბის წევრების სხვადასხვა ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, სკოლა სრულიად აღიჭურვა ნარჩენების დახარისხების შესაბამისი ურნებით. ამ აქტივობებში კლუბის წევრებმა ჩართეს სასკოლო საზოგადოებაც, რამაც გაზარდა მოსწავლეების პასუხისმგებლობა და მოქალაქეობრივი აზროვნება.

კლუბის წევრების არაფორმალურ გარემოში ჩართულობამ და მოტივაციის გაზრდამ მეტად აქტიური გახადა თითოეული მოსწავლე. თანატოლებთან თანამშრომლობა სკოლის სივრცეს გასცდა. მოსწავლეებმა საკუთარი გამოცდილების გაზიარების და ინფორმაციის მიღების მიზნით უმასპინძლეს არაქართულენოვან სკოლებს და თავადაც სტუმრად იმყოფებოდნენ მარნეულის, მუღალნოს და სართიჭალის სკოლებში. აქტიური ცხოვრების წესმა მოსწავლეებში მნიშვნელოვნად გაზარდა სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობა.

საკლუბო მუშაობაში მოსწავლეების ჩართულობამ წინა პლანზე წამოწია მდგრადი განვითარებისა და ბუნებასთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები. მოსწავლეებს გამოუმუშავდათ თავიანთი აზრის თამამად გამოხატვის, თვითრეგულირების, პრობლემის გადაჭრისა და კრიტიკული აზროვნების უნარი. პანდემიის შემდგომ პერიოდში წარმოქმნილი პრობლემები მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მშობლებს შორის დაძლევადი აღმოჩნდა. მოსწავლეებს მიეცათ შესაძლებლობა გასულიყვნენ საკლასო სივრციდან და გამოევლინათ თავიანთი შესაძლებლობები და უნარები არაფორმალურ გარემოში. სასწავლო პროცესში არაფორმალური განათლების ჩართვამ გაზარდა მოსწავლეთა მოტივაცია და სწავლისადმი ინტერესი, რისი საშუალებითაც შესაძლებელი გახდა ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული შედეგების მიღწევა.    


                                                                                                                                                                                                                                                                                                                   

                                                                                                                                                   


 

No comments:

Post a Comment

ეკო კლუბის საქმიანობის როლი ფორმალურ განათლებაში

ეკო კლუბის საქმიანობის როლი ფორმალურ განათლებაში „ჯერ იქ არ ვართ, მაგრამ დასასრული ჩანს“, – აღნიშნა გებრეისუსმა! პანდემია მძიმე გამოცდა იყო ...